საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო შრომების კრებული
GE  
GE EN


  •  

    რეცენზირების წესი

    რეცენზირების სტანდარტები შექმნილია სამეცნიერო ჟურნალებისთვის, სახელმძღვანელო ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიური რეცენზირების სტანდარტებს.

    ვის შეუძლია იყოს რეცენზენტი?

    სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი უნდა იყოს მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე პირი.

    იდენტიფიცირების შესაძლებლობა

    ჟურნალში რეცენზირება ხდება ღია რეცენზირების ფორმით.

    რეცენზირება

    რეცენზენტმა მუშაობის პროცესი უნდა დაიწყოს ნაშრომისა და თანდართული ფაილების გაცნობით; ასევე, უნდა გაეცნოს რეცენზირების ინსტრუქციებს, ეთიკასა და სტანდარტებს;

    კონფიდენციალურობა – რეცენზენტმა პატივი უნდა სცეს რეცენზირების პროცესის კონფიდენციალურობას და თავი შეიკავოს მუშაობის პროცესში მიღებული ინფორმაციის გამოყენებისგან როგორც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ისე სხვათა სასარგებლოდ ან მათი დისკრედიტაციისთვის. რეცენზენტმა არ უნდა ჩართოს რეცენზირების პროცესში სხვა პირები (მათ შორის, ის მკვლევრები, რომლებსაც უწევს ზედამხედველობას), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს შესაბამისი ნებართვა მიღებული სარედაქციო საბჭოსგან. ხოლო იმ პირთა სახელები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს რეცენზირების პროცესში, უნდა მიიღონ შესაბამისი აღიარება გაწეული სამსახურისთვის.

    მიკერძოება და კონკურენტული ინტერესები

    რეცენზენტი უნდა დარჩეს მიუკერძოებელი ნაციონალური, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა შეხედულებებისა და კომერციული ინტერესების მიუხედავად. იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი აღმოაჩენს, რომ ნაშრომთან აქვს კონკურენტული ინტერესები, რამაც ის შესაძლოა მიიყვანოს მის მიკერძოებულ შეფასებამდე, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს სარედაქციო საბჭოს და დაელოდოს შემდგომ რეკომენდაციას. პასუხის მიღებამდე კი თავი უნდა შეიკავოს ნაშრომისა და თანდართული მასალების გაცნობისგან. ანალოგიურად, რეცენზენტმა უნდა შეატყობინოს სარედაქციო საბჭოს, თუ აღმოაჩენს რომ მას არ აქვს აუცილებელი ექსპერტიზა ნაშრომის რელევანტური შეფასებისთვის, რამაც შესაძლოა გააჭიანუროს რეცენზირების პროცესი.

    ეთიკური ნორმების დარღვევა

    იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი შეამჩნევს ავტორების მხრიდან რაიმე სახის არასამართლიან ქმედებას კვლევასა თუ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს სარედაქციო კოლეგიას.

    მოხსენების მომზადება

    ფორმატი: რეცენზენტმა რეცენზიის წერის პროცესში უნდა გამოიყენოს ჟურნალის ინსტრუქციები რეცენზიის წერისა და ფორმატირების შესახებ. რეცენზენტი რეცენზიის გაკეთების პროცესში უნდა იყოს ობიექტური და კონსტრუქციული, რაც გულისხმობს იმას, რომ შეფასება უნდა დაეხმაროს ავტორს, გააუმჯობესოს თავისი ნამუშევარი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეცენზენტი იყოს პრინციპული კრიტიკული კომენტარების გაკეთების დროს და წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტები, რაც გაამყარებს მის მიერ გაკეთებულ ზოგად განცხადებებს. აღნიშნული კი დაეხმარება სარედაქციო საბჭოს, რომ გააკეთოს ნაშრომის სწორი შეფასება. რეცენზენტი უნდა იყოს პროფესიონალი და თავი შეიკავოს ნეგატიური ან ბრალდებითი განცხადებების, პერსონალური კომენტარებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

    ადეკვატური უკუკავშირი: სარედაქციო საბჭოს სჭირდება ნაშრომის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ სამართლიანი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი შეფასება. რეცენზენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ ავტორისა და სარედაქციო საბჭოსთვის მიწოდებული შეფასებები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს. სარედაქციო საბჭოსთვის გაგზავნილი კონფიდენციალური შეფასებები არ უნდა იყოს ცილისწამების ან უსაფუძვლო ბრალდების შემცველი. რეცენზიის ძირითადი დანიშნულებაა, რომ დაეხმაროს ავტორებს, გააუმჯობესონ თავიანთი სტატიები. შესაბამისად, რეცენზენტი უნდა იყოს კონსტრუქციული, გულწრფელი და ნათელი თავის შეფასებებში.

    ენა და სტილი: სხვადასხვა დეტალის გაუმჯობესებასა და შესწორებაზე შენიშვნების გაკეთება არის მნიშვნელოვანი, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომში არის ძალიან ბევრი ენობრივი შეცდომა და სარედაქციო ხარვეზი, ამ შემთხვევაში რეცენზენტმა არ უნდა დახარჯოს ძალისხმევა მის გასწორებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი არის ძალიან ცუდად დაწერილი რეცენზენტმა თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს შეფასების ფორმაში. ნაშრომის გასწორება და შედგენა მაღალი აკადემიური სტანდარტების შესაბამისად ავტორების ვალდებულებაა.

    რეცენზენტის ძირითადი მიზანია, შეაფასოს ნაშრომის შინაარსობრივი მხარე და არ დაკარგოს დრო გრამატიკულ შესწორებებზე.

    რეცენზენტმა შეფასების გაკეთებისას არ უნდა გამოიყენოს კომპლექსური და უჩვეულო სიტყვები. რეცენზია დაწერილი უნდა იყოს ისეთი სიტყვებით, რომ ის გასაგები იყოს ფართო აუდიტორიისთვის.

    წინადადება დამატებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ: რეცენზენტის ფუნქცია ნაშრომის შინაარსობრივი ხარისხის შეფასებაა. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და სჭირდება მეტი ანალიზი, რეცენზენტმა ამის შესახებ უნდა გააკეთოს შესაბამისი კომენტარი. თუმცა, რეცენზენტმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ არ უნდა მოითხოვოს ნაშრომის გაფართოება ნაშრომის არსებული ჭრილის მიღმა. ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული, რა დამატებითი გამოკვლევა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნაშრომში წამოჭრილი მოსაზრებები გახდეს მეტად დამაჯერებელი და არგუმენტირებული.

    რეცენზენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მოწოდებებისგან, რომლებიც

    მოითხოვს ავტორებისგან სტატიაში მისი ან მისი კოლეგების ნაშრომების მიმოხილვას და ამ საშუალებით თავიანთი აქტივობის მაჩვენებლის გაზრდას.

    მსგავსი შეთავაზებები დაფუძნებული უნდა იყოს დასაბუთებულ აკადემიურ და ტექნოლოგიურ მიზეზებზე.

    ანგარიშვალდებულება: რეცენზენტმა დამოუკიდებლად უნდა მოამზადოს მოხსენება. გამონაკლისი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტს ჟურნალის სარედაქციო საბჭოსგან მიღებული აქვს ნებართვა, რომ რეცენზიის მომზადებაში გამოიყენოს სხვა პირის დახმარება.

    ბოლო ნომერი

    N2(532) - 2024

     
    © საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2019, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 17.09.2024